მარნეულსა და ბოლნისში ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

504

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალ 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

როგორც ლიპარტიამ მარნეულის მინიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებს განუცხადა, შემასხურებელი აგრეგატები დღეს დასავლეთიდან ჩამოაქვთ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება, ხვალიდან კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, კონკრეტულ ლოკაციებზე მითითების შესაბამისად მოხდება სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარდება.

“სოფლის მეურნეობის სასამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა. დღესდღეობით ეს მანქანა საზღვარზე იმუშავებს და დაამუშავებს მანქანებს.ხვალ და ზეგ შიგნით, მუნიცუპალიტეტებში ჩატარდება სამუშაოები, იმ ადგილებში, სადაც მოძრაობდა ის ქალბატონი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა”, – განაცხადა ლიპარტიამ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება.

მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტეპერატურის გაზომვა.

ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მინიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, თუმცა შესვლის შემთხვევაში, ისინი ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.