მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი

486

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამის შესახებ ინტერპრესნუსი წერს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეგიონში, ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომლის დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშოებზე პრობლემა არ შეექმნებათ. ამასთან, სუბარის თქმით, შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეული ადამიანს შეამოწმებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.