მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
მარნეულსა და ბოლნისში საველე ჰოსპიტალების მოწყობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა.
“საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ,”- წერია განცხადებაში.
22 მარტს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მუციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.
გახარიას თქმით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმსა და წესრიგს შსს დაიცავს. მისივე თქმით, კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალი”.
ქალი, რომელსაც მარნეულში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის მდომარეობაც კრიტიკულია, სწორედ “ჯეო ჰოსპიტალში” იყო მოთავსებული.
22 მარტს, დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთერთი სწორედ მარნეულში დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.