სოზარ სუბარი: შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა შევიდნენ და თითოეული ადამიანი შეამოწმონ

443

სრული სიმშვიდეა, ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მისი თქმით, მუშაობს მხოლოდ პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია და ბანკი. სხვა ყველაფერი კი დაკეტილია.

„ადამიანებს საშუალება ეძლევათ, საველე სამუშაოებზე გასვლის, მაგრამ ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ მიკროავტობუსები, ავტობუსები და ა. შ. შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, ყველა ჯგუფშია თითო ექიმი და ესენი თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ და თითოეული ადამიანი შეამოწმონ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა თუ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საფრთხე შესაძლოა იყოს. სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და ჰქონდათ კონტაქტი. შემდეგ კი გადავლენ მთელი მოსახლეობის შემოწმებაზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.