მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი: მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება

670

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება ბოლნისის და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება.

„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან, ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა.

როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მუდმივი კავშირი აქვთ და წუთი წუთზე ელოდებიან აღნიშნული ჯგუფებისათვის შესაბამის აღჭურვილობას.

„ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტალის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშოებზე პრობლემა არ შეექმნებათ. ამასთან, სუბარის თქმით, შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეული ადამიანს შეამოწმებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.