„დამოუკიდებელი დეპუტატები” იმ სამ პირობას აყენებს, რა შემთხვევაშიც არჩევნების ჩატარებას 100/50-ზე მოდელით მხარს დაუჭერს

654

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მხარს უჭერს “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა და 50 – მაჟორიტარულით, ნაცვლად დღეს არსებული 77/73 პროპორციისა, თუმცა, სამი პირობით.

როგორც ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ გგანაცხადა, ამ მოდელმა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იმუშაოს და 2024 წელს ძალაში დარჩეს სრულად პროპორციული სისტემა. ასევე, თუ 2024 წლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, იქაც 100/50-ის პრინციპი იმუშავებს და მესამე – ფრაქციის მოთხოვნაა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის გამოცხადება სავალდებულო გახდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ: 1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ლეიბორსიტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის მოდელზე მსჯელობდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი – მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 – კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

იმ შემთხვევაში თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა და გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.