ოპოზიცია პროპორციულ-მაჟორიტარებს შორის თანაფარდობის 130/20-ზე შემცირებას განიხილავს

610

წინა სტატია

ოპოზიცია პროპორციული სიით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის თანაფარდობის 120/30-ზე ან 135/15-ზე შემცირების ვარიანტებს განიხილავს.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ ვარიანტს არ შესთავაზებს, რომლითაც მანდატები მაჟორიტარული წესით 40 ადგილზე მეტს შეავსებს. ამიტომ, მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს და პროპორციული სიით 130, ხოლო მაჟორიტარული სიით 20 მანდატი შეთავაზების ერთ-ერთი ვარიანტია.

“ესაა პრინციპი, რომ პარტია თუ იგებს მაჟორიტარულ ოლქებს, მას 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს. 40%-ზე მეტი ვერსიებში არის და ახლა მსჯელობა მიდის 130/20-ზე არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ამის” – ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ამ ფორმატს და იქნებ შედეგამდეც მივიდეთ. ისინი გვეუბნებიან, რომ კიდევ ურთიერთკომპრომისული წინადადებები იყოს. რაკი ბატონი მდინარაძე, მისი განცხადებით, გვეუბნება, რომ 100/50-ზე უნდა იყოს, ამით მან პრაქტიკულად დახურა ეს თემა და თქვა, ოპოზიციიდან ველოდებით ახლა ჩვენ კომპრომისულ წინადადებებსო. მდინარაძემ თქვა, იმედია ოპოზიცია არ შემოგვთავაზებს 145/5-ს, 140/10-ს… მე კი იმავე პროპორციით ვეუბნები – არ ელოდება ხელისუფლება, რომ ჩვენ მას შევთავაზებთ 105/45-ს, ან 110/40-ს”, – თქვა ბერძენიშვილმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი – მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 – კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა და გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.