წულუკიანი ოპოზიციაზე: ან დაგვთანხმდნენ ახალ სისტემაზე, ან გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული

567

წინა სტატია

შემდეგი სტატია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. წულუკიანმა დიპლომატების მედიატორობით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე PosTV-ის ეთერში ისაუბრა.

“ეს მოლაპარაკებები მიმდინარეა, შესაბამისად, შეფასებები მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ უნდა გავაკეთოთ… ჩემი გადასახედიდან, ეს შეხვედრები საჭირო იყო, რათა მათი პოზიციები კიდევ ერთხელ მოგვესმინა. ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ვეუბნებით, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, თუმცა მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ სისტემა. ახლა მათგან ველოდებით პასუხს…

მოლაპარაკება მნიშვნელოვანია.  ვფიქრობთ, ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და, ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს, მოუწევთ, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული (სისტემა) და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება”, – თქვა წულუკიანმა.

გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.

“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.