ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ხვალიდან, 4 თებერვლიდან განაახლებს. ოპოზიციის განცხადებით, გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების პიკეტირება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
ხვალ, 4 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია იხსნება. აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.