ბაღდათში ხანძრის შედეგად ოჯახის დაღუპვის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან აქცია გადადო. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტს მოუწოდა, რომ დღევანდელი სხდომაც გადაიდოს.
ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 ბავშვი, ერთი ორსული ქალი და ხანშიშესული ქალი იყო.
“ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცია, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა”, – განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უგულავა ამბობს, რომ აქციებს ისინი, სავარაუდოდ, ხვალ გააგრძელებენ.
დღეს, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიცია სირცხვილის კორიდორისა და აქციის მოწყობას აპირებდა.
აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.