პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 22 სექტემბერს თეა წულუკიანს, 23 სექტემბერს კი ინტერპელაციის წესით, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ

313

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 22 სექტემბერს თეა წულუკიანს, 23 სექტემბერს კი ინტერპელაციის წესით, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„41-ე საკითხი გახლავთ „მინისტრის საათი“. კერძოდ, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი წარდგება პლენარული სხდომის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში. 42-ე საკითხი გახლავთ ინტერპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბატონი ზურაბ აზარაშვილის პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოგახსენებთ, ჩვენი სასესიო კვირის მიახლოებით განრიგს . ჩვენ ხვალ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გვექნება კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით. განვიხილავთ სხვა კანონპროექტებსაც. ოთხშაბათს გვექნება კანონპროექტების განხილვა, მათ შორის არის რამდენიმე დაჩქარებული წესით. ხუთშაბათს დიდი ალბათობით გვექნება ამ დაჩქარებული კანონპროექტების მეორე-მესამე მოსმენა, ამავე დროს არის მინისტრის საათი.

რეგლამენტის მიხედვით, სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევი გახლავთ ინტერპელაციის დღე. ოთხი ადრესატი იყო ინტერპელაციის წესით, გვქონდა გაგზავნილი კითხვები. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. იცით, რომ ამ კვირას იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც დელეგაციაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ისინი ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას, ამიტომ ეს ინტერპელაცია გადაიწევს შემდეგ ინტერპელაციის დღეზე, კერძოდ, ეს გახლავთ ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევი, რომელიც უწევს 18 ნოემბერს. რაც შეეხება მიმდინარე კვირის პარასკევს, პარლამენტში მოვა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რომელიც ინტერპელაციის წესით უპასუხებს კითხვებს, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის დასმული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.