საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 100 000 ლარს და მისი მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებების:
ა) ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობით;
ბ) შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა;
გ) წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
იდენტური კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა და მისი ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. დაფინანსდა 4 პროექტი, რომელმაც მოიცვა 435 ბენეფიციარი.
აღნიშნულ კონკურსში დაფინანსებული იყო შემდეგი პროექტები:
1. ა(ა)იპ ინკლუზიური განვითარების ცენტრი – „ინკლუზიური საცეკვაო სკოლის ,,ანისი“ დანერგვის პროგრამა“ – პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინკლუზიური საცეკვაო სკოლის სასწავლო პროგრამა, მომზადდა სასწავლო და სატრენინგო მოდულები, ბენეფიციარებს (20 შშმ მოსწავლე) ჩაუტარდათ ცეკვის გაკვეთილები. პარალელურად ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური ცეკვის სწავლების მიმართულებით (თეორია, მეთოდიკა, პრაქტიკა). გადამზადდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
2. ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ – „ინკლუზიური ცეკვის, მუსიკისა და დრამა თერაპიის სინთეზური მეთოდოლოგიის შემუშავება და სასწავლო – ლაბორატორიული ჯგუფის შექმნა (ინკლუზიური თეატრალური სკოლა-სტუდიის „აზდაკის ბაღი“ ბაზაზე)”. პროექტის ფარგლებში, ინკლუზიური თეატრალური სკოლა-სტუდიის ბაზაზე, შეიქმნა ლაბორატორიული სასწავლო ჯგუფი სხვადასხვა შეზღუდვის (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, გონებრივი განვითარების შეფერხება, სმენისა და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების შეზღუდვა, ყურადღების დეფიციტი და სხვა) მქონე მოზარდებისათვის (5-18წ.). ჯგუფში შემუშავდა სამი თერაპიის სინთეზური სავარჯიშოები. 20 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვი ჩაერთო სინთეზური ხელოვნების სავარჯიშოებში, რამაც ხელი შეუწყო მუსიკის ელემენტების შესწავლას მოძრაობის, ურთიერთქმედებების გამოცდილებით. შშმ ბავშვებმა განივითარეს გონებრივი შესაძლებლობები და ლოგიკური აზროვნება;
3. ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი – „ხალხური რეწვის სახელოსნოს აღჭურვა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხატვრო სასწავლებელმა შეიძინა სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი თიხის გამოსაწვავი ღუმელი, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ თანამედროვე დანადგარზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სწავლებისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას;
4. ა(ა)იპ ალუბლის ბაღი – „სახელოვნებო სკოლა-წრე ალუბლის ბაღი წალკაში – საგამოფენო-საკონცერტო სივრცის კეთილმოწყობა შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის“. წალკაში, სახელოვნებო სკოლა-წრის „ალუბლის ბაღი“ ფართში ჩატარდა სამუშაოები საგამოფენო-საკონცერტო სივრცის მოსაწყობად, რაც მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის წარმოადგენს მოტივაციის ამაღლების, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის განვითარებისა და გამრავალფეროვნების შესაძლებლობას.
წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 02 01 98 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.