მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მარნეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
სამართლებრივი კონსულტაცია მოქალაქეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს, მსურველებს ადგილზე მიეცათ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციის შესაძლებლობა.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდა.
აღნიშნული, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
სისტემურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.