კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს. როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეს არის თეატრების საკანონმდებლო რეფორმა.
„იცით, რომ კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა გვაქვს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური აქტი, რომელსაც საქართველოს ეს მოწვევის პარლამენტი თავისი მანდატის ამოწურვამდე დაამტკიცებს. მუშაობის მეთოდი არის შემდეგნაირი – ჩვენ ვამუშავებთ ამ კოდექსის თავებს, ამ კოდექსის 2 თავი პრაქტიკულად არის მზად. პირველ რიგში ეს გახლავთ თეატრების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც გულისხმობს დღევანდელი კანონის რეფორმას, რომლის სახელწოდებაა „პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონი“. დაწყებული სახელიდან, რომელიც შეიცვლება და შესაბამისად, კოდექსის თავი იქნება არა თავი პროფესიული თეატრების შესახებ, არამედ კოდექსის თავი თეატრების შესახებ გაგრძელებული ფუნდამენტური ცვლილებებით. კანონში გაჩნდება თეატრების ტიპების ჩამონათვალი: ოპერისა და ბალეტის, დრამატული, არავერბალური, მცირე ფორმების, მუსიკალური და სინთეზური. შედეგად, გამარტივდება გარკვეული რეგულაციების ერთი და იმავე ტიპის თეატრებისთვის მიბმა და დაკავშირება. დადგინდება თეატრების კატეგორიები: სახელმწიფო, ეროვნული და ასეთი ამჟამად გვაქვს ერთი, ეს გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თეატრები კატეგორიებად იყოს დაყოფილი.
„არის რამდენიმე თეატრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სჯობს დარჩეს კერძოდ და სამინისტრომ ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ასე უფრო ვითარდება, ვიდრე გახდეს სახელმწიფო და დაემსგავსოს სამინისტროს უფრო მეტად, ვიდრე თეატრს. ამიტომ, კატეგორიზაცია მნიშვნელოვანია“, – განაცხადა წულუკიანმა.