კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება.
როგორც წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ახალი უნივერსიტეტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ახლა ავარიული შენობა დგას.
როგორც წულუკიანმა განმარტა, სამბოს დარბაზი, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის შენობის გვერდითაა ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
„შარშან, როდესაც აქ გახლდით, არაერთმა თქვენგანმა დასვა კითხვა და ამ კითხვებს შორის იყო ნომერ პირველი პრობლემა ინფრასტრუქტურული, ჩვენი ქვეყნის და ქართული სპორტის, ეს გახლავთ სპორტის უნივერსიტეტი. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალი ამბავი, სულ რამდენიმე ხანში, ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ 2-3 კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა – სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სადმე სხვაგან, დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს არის დიდი მიღწევა იმიტომ, რომ გარკვეული წლების წინ, წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი იყო სპორტის უნივერსიტეტის გაყიდვა, ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი, ასეთი იყო მაშინ განწყობა, მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს. შემდეგ იყო გეგმა და ამისთვის გამოიყო კიდეც ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ვფიქრობთ შევძლებთ იმას, რომ ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან და აშენდეს იქ, სადაც დღეს ის დგას და ტრადიციულად იდგა.
სამხარაულის ექსპერტიზა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია, კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი და ჩვენ სასწავლო პროცესი ამ შენობაში უკვე ვეღარ ვაწარმოებთ. ეს შენობა დღეს არის საფრთხისშემცველი და ცარიელი. პროექტი გულისხმობს იმას, რომ მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ 2 წელიწადში ის ჩაგვაბარებს ახალ უნივერსიტეტს იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ეს შენობა დგას. ეს იქნება სახელმწიფოს ქონება. ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის და ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სპორტის უნივერსიტეტს სჭირდება. აქ იქნება 4 სპორტული დარბაზი და მეზობელი შენობა, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე ან დიღომში, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, ეს კარგი მიღწევაა და შევძლებთ 2025 წელს შევხვდეთ საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით“, – განაცხადა წულუკიანმა.