აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. ინფორმაციას იმედნიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დაცვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ რამდენიმე ერთეული იარაღი მათ უკვე დაიბრუნეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი ნაწილის დაბრუნებაზე“, – განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ.
მისივე თქმით, ადმინისტრაციის შენობის ძალის გამოყენებით გათავისუფლება დღეს არ იგეგმება, თუმცა მომავალში ეს არაა გამორიცხული.
„ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებასა და მოლაპარაკებების შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში გაიმართოს“, – აღნიშნა კილბამ.
სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა. ე.წ პრეზიდენტმა კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.
ამასთან, აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ “პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა.
როგორც აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, არმია თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ ამოიყენებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.