რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა. მედიასაშუალება აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა.
დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციევი აცხადებს, რომ ხაჯიმბამ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა და არ დაიღვაროს სისხლი. ინფორმაცია დაადასტურა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიამაც.
“ვფიქრობ, რომ საკითხი, ვინ შეასრულებს [სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს] ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, ალბათ პრემიერ მინისტრი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკების საკითხია”, – განუცხადა TASS-ს ქვარჩიამ.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები 22 მარტს გაიმართება. განმეორებით არჩევნებიის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეფაქტო უზენაესმა სასამართლომ 10 იანვარს ცესკოს შედეგები გააუქმა და დაავალდებულა ადგილობრივი საარჩევნო ორგანო ახალი დეფაქტო არჩევნების თარიღის დანიშნვაზე.
გადაწყვეტილება სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციონერის და ყოფილი დეფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის საფუძველზე მიიღო.
ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო და სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდნენ. ვითარება განსაკუთრებით 10 იანვარს გამწვავდა, როცა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლომ დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეცვივდნენ. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. კვირას ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.
ხაჯიმბა ამბობდა, რომ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თქვა, რომ ის არჩევნებისთვის მზად იყო და მომდევნო თვეებში დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. 8 სექტემბერს მეორე ტურში მოქმედმა დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მეორედ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.