აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა“,- აცხადებს რაულ სმირი.
მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.
“ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს სმირი.
სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა. ე.წ პრეზიდენტმა კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.