ხაჯიმბამ ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა

630

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საერთო კონსენსუსის მიღწევის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ხაჯიმბამ მხარეებს ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა. სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ე.წ. პარლამენტის მიმართვაზე საპასუხოდ გაავრცელა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“პარლამენტში მიღებულმა მიმართვამ, შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია გაართულოს და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავლენ. მიხვდა რა სასამართლოში თავისი მოთხოვნების უპერსპექტივობას, ოპოზიციამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა.

მანამდე რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.