ოპოზიცია “ქართული ოცნების” შეთავაზებას არ იღებს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ასეთი არასერიოზულობა არ უნახავს.
ვაშაძის განცხადებით, „მმართველმა გუნდმა წარადგინა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი.
„არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ჩემი მედიატორების თვალში გამოჩენა, რომ აი მზად ვართ კომპრომისისთვის. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი დეპუტატი, 100 – პროპორციული დეპუტატი და არამარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე. ასეთი არასერიოზულობა მე არ მინახავს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დღეს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის საარჩევნო სისტემაზე შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართა. „ოცნების“ ინიციატივაა, შენარჩუნდეს შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50 მანდატამდე შემცირდეს.
ამასთან, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, არამედ მომდევნო არჩევნები იმ შერეული მოდელით ჩატარდეს, რაც დღეს მათ ოპოზიციას შესთავაზეს, რის მიხედვითაც პარლამენტში 100 მანდატი პროპორციული წესით განაწილდება, 50 კი – მაჟორიტარულით. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ცნობისათვის, მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. მესამე რაუნდამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.
17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.