გომელაური: გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენებაო, ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ

576

ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანები არ დაზიანდნენ.

“ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ  დაშალა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

ამასთან, 26 ნოემბერს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას ერთ-ერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა. მოქალაქემ თვალის არეში დაზიანებები წყლის ჭავლის შედეგად მიიღო.