ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ფურცხვანიძე, მერიის სამსახურის უფროსის მოადგილე და კიდევ 7 პირი დააკავეს

452

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.

2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს – ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს – ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის – ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს – გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს – ბ. მ.-ს.

2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
„გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა – ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა – ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“.

შპს “მშენექსპერტის“ დირექტორმა – ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა – დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს – დ. კ.-ს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა – ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გ.ვ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი – ლ.ფ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი – ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი – ლ.ჭ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი – დ.კ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დ.თ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ.”, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა.