პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. ინფორმაციას და ფოტოებს ონ.გე ავრცელებს.
შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12 საათზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა.
დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიის 5:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ამჟამად პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩა გადაკეტილი პოლიციის მიერ. გზა ყვითელი ავტობუსითაა ჩახერგილი. საკანონმდებლო ორგანოში არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს არ უშვებენ.
გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. მათ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადეს.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.