ხუნდაძე: როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები გახდებიან იძულებულნი, რომ გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი

758

წინა სტატია

მმართველი გუნდის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას მოითხოვს, დეპუტატები იძულებულები გახდებიან, რომ მოსახლეობის აზრი გაითვალისწინონ.

ამის შესახებ ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მისი და რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მმართველ გუნდში მის ინიციატივას, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ დეპუტატებთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია.

„თემას კიდევ უფრო აქტუალურს გავხდით, როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები გახდებიან, კარგი გაგებით, იძულებულნი, რომ გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი.

ჩვენი სტრატეგიაა, რომ მოსახლეობაში არა მხოლოდ იმისათვის გავიდეთ, რომ ხმათა რაოდენობა, ანუ 200 ათასი ხმა მოვაგროვოთ, არამედ მაქსიმალურად მოვახდინოთ ინფორმირება. მოსახლეობაში, ჩემი აზრით, ისედაც მოთხოვნადია, რომ მაჟორიტარულ სიატემაზე იყოს ქვეყანა გადასული და თითოეულ რეგიონს ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი, ანუ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, რომ პირდაპირ აირჩიოს ესა თუ ის კანდიდატი”,- განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ”ჩააგდო, მათგან სამი მაჟორიტარი წინააღმდეგი წავიდა, 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანონპროექტსდ წინააღმდეგ ხმა მისცა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.

რამდენიმე დღის წინ დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტართა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ მოთხონაზე ვრცელი განცხადება ხუნდაძემ “ფეისბუქში” გამოაქვეყნა.