ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას იწუნებს.
მდინარაძეს აღნიშნულ ინიციატივაზე დისკუსიის გახსნა ზედმეტად მიაჩნია იმ ფონზე, როცა კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.
“გამორიცხულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით… ახლა ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე – ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე თუ ასე შემდეგ. გუშინ გვქონდა ასეთი საუბარი, უბრალოდ დიტო ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მეკითხებოდნენ ამ საკითხზე. ჩემი აზრი არის და იქნება ისევ ის, რაც იყო აქამდეც და მე ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე,” – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ხუნდაძემ ძალიან არასწორი აზრი გაახმოვანაა.
“თუნდაც დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად ამასთან დაკავშირებით. გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იყო ვადაზე საუბარი, რაც ვერ მოხერხდა, მაგრამ კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე და 2020 წლის შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ სისტემით,” – განაცხადა მდინარაძემ.
დღეს დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტართა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ მოთხონაზე ვრცელი განცხადება ხუნდაძემ “ფეისბუქში” გამოაქვეყნა.