“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში ოფიციალურად მიმდინარე კვირაში წარადგენენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პროფესიით ეკონომისტი გიორგი შენგელია წლების მანძილზე საბანკო სისტემაში მუშაობდა. იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი. 2018 წლის 7 ნოემბრიდან კი ზუგდიდის ვიცემერის თანამდებობას იკავებს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კი 2016 წლის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღეს. ხოლო, მეორე ტურში მონაწილეობაზე რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში “მოპარეს“.
სად ჩატარდება შეხვედრები, სადაც მერობის კანდიდატებს წარადგენენ, ჯერჯერობით უცნობია.
გარდა პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატებისა. ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას, მოძრაობის “სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელ თენგიზ ჯგუშიას, თეოლოგ დავით თორდიასა და ისტორიკოს გოგიტა ბიგვავას სურთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.