“ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ არჩევნების მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულებას ელოდება. რისი შეცვლა სურს და რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტის განსავითარებლად, ჯერ არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ პროგრამაზე ცოტა მოგვიანებით ისაუბრებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ზოგადი მონახაზისგან თავს შევიკავებ. მირჩევნია კონკრეტული პროგრამა შემოგთავაზოთ. ველოდებით მხოლოდ გამარჯვებას. მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვის უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, თუმცა მე და ჩვენი გუნდი დარწმუნებული და მოტივირებული ვართ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
გიორგი შენგელიას კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი იქნება.
ასევე, ზუგდიდის მერობის სურვილი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ გამოთქვეს, თუმცა კანდიდატად ისინი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.