15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური თვითმმართველი ერთეულის სტატუსს კარგავენ და სათემო მუნიციპალიტეტებში ერთიანდებიან.
ცვლილებას, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა, მხარი პარლამენტის იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომლებიც სწორედ ამ ქალაქების ამომრჩეველთა ხმებით გახდნენ პარლამენტის წევრები.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენებისას აცხადებდა, რომ ის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებდა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, კახაბერ გულედანს ახსნებდა, რომ “უფასო დემოკრატია არ არსებობს” და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას შესაბამისი ფინანსები სჭირდება. მან არც ადამიანის უფლებებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, რითაც საკუთარი პოზიცია საკითხისადმი ღიად გამოხატა. ამის მიუხედავად, 15 ივნისს ირაკლი სესიაშვილმა დადგენილებას, რომლითაც, მათ შორის, ქალაქ თელავს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმდა, მხარი დაუჭირა.
დადგენილებას, ასევე, ხმა მისცა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. ქვარაია ერთ-ერთი მათგანია, ვინც 2014 წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფს ედგა სათავეში და ქალაქში ხელმოწერებს აგროვებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, მერაბ ქვარაია ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სწორედ ზუგდიდისთვის სტატუსის მინიჭებას ასახელებდა და საარჩევნო კამპანიაც, ძირითადად, ამ საკითხზე ააგო.
დღეისათვის მერაბ ქვარაია პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ანუ იმ კომიტეტის, რომლის პოზიციაც აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად ან ჩასავარდნად გადამწყვეტი შეიძლება ყოფილიყო.
მერაბ ქვარაია დღეს აცხადებს, რომ ის ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ წინა მოდელს ემხრობოდა.
დადგენილებას მხარი დაუჭირა, ასევე, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძე ჯერ კიდევ აპრილში “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობდა, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება არ იგეგმებოდა და განმარტავდა, რომ ცვლილება ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელი მერისა და გამგებლის გაერთიანებას შეეხებოდა. თუმცა, როგორ გაერთიანდებოდა მერისა და გამგებლის ფუნქცია ორ სრულიად სხვადასხვა თვითმმართველ ერთეულში – თვითმმართველ ქალაქსა და სათემო მუნიციპალიტეტში, თუ თვითმმართველ ქალაქს არ გააუქმებდნენ, თალაკვაძე არ აკონკრეტებდა.
მაისის ბოლოს, როდესაც თალაკვაძე და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მოსახლეობისთვის გასაცნობად ჩავიდნენ, ამომრჩევლებმა, რომლებმაც თალაკვაძე პარლამენტში საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, ხელმოწერები გადასცეს მოთხოვნით, ოზურგეთი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, არ გაუქმებულიყო.
საბოლოოდ, თალაკვაძემ საკუთარი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას მხარი მაინც დაუჭირა.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემაც, რომელსაც არც პარლამენტში საკითხის განხილვისას და არც მანამდე ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება არ დაუფიქსირებია. თუმცა, მან პოზიცია დადგენილებისთვის ხმის მიცემიდან ოთხი დღის შემდეგ განმარტა და თქვა, რომ 17 ათასიანი ქალაქისთვის მერის ყოლა ზედმეტი ფუფუნებაა.
აღსანიშნავია, რომ კოპაძე 2014-2016 წლებში, ანუ ზუსტად იმ პერიოდში, რაც ახალციხე, როგორც თვითმმართველი ქალაქი, არსებობდა, ამ ქალაქის მერი იყო. შესაბამისად, მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რა განსხვავებაა თვითმმართველ ქალაქსა და სათემო მუნიციპალიტეტში შემავალ უსტატუსო, უბიუჯეტო და უხელისუფლებო ქალაქს შორის, თუმცა, მხოლოდ 2017 წელს აღმოაჩინა, რომ “ახალციხისთვის მერი ზედმეტი ფუფუნებაა” და მის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სამთვიანმა პროტესტმა ქალაქ გორში ისე ჩაიარა, რომ საკუთარი აზრი გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს ერთხელაც არ დაუფიქსირებია. მან პოზიცია დადგენილებაზე მხარდაჭერით გამოხატა, ისევე, როგორც ამბროლაურისა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – გოჩა ენუქიძემ და დიმიტრი ხუნდაძემ. თუმცა, ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქში მცხეთისთვის სტატუსის გაუქმება ქალაქის საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში გააპროტესტა, მაგრამ მოგვიანებით, ამავე საკრებულომ მთავრობის წინადადებას ასევე ერთხმად მხარი დაუჭირა.
ცვლილებების შედეგად, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გაუქმდება და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთდება. პარლამენტის დადგენილება, რომელსაც მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძალაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღიდან შევა. არჩევნების ჩატარების შემდგომ კი, მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის მხარდაჭერის წყალობით, აღნიშნულ ქალაქებს აღარ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი, რაც დამოუკიდებლად პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა; არ ეყოლებათ საკუთარი, პირდაპირი წესით არჩეული მერი და 15 კაციანი საკრებულო, რომლებიც მხოლოდ ქალაქის საჭიროებების გადაწყვეტაზე იყვნენ ორიენტირებული. 2017 წლის თვითმმარველობის არჩევნების შემდეგ აღნიშნული ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებად გადაიქცევა. თითოეულ ამ ქალაქს მუნიციპალურ საკრებულოში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი წარმოადგენს, ხოლო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში შემავალ სასოფლო ტიპის დასახლებებთან უნდა გაინაწილოს.
რატომ ვერ დაიცვეს მაჟორიტარებმა საკუთარი ქალაქები და რატომ არ გაითვალისწინეს ამომრჩეველთა აზრი, წესით, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. ახლა საინტერესო ისაა, რა პასუხს გასცემს ამომრჩეველი ხელისუფლებას და თავის მაჟორიტარებს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო. ამას კი ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მოგვიანებით კი, საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაგვანახებს.