ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებას ეხება პირველ კომენტარს “გურია ნიუსთან” აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “თვითმმართველობას დარჩეს ახლა არსებული დაფინანსება”:
“ჩემი ინფორმაციით თვითმმართველი ქალაქებისგაუქმება ან რაოდენობის შემცირება არ იგეგმება.განიხილება ერთი და იგივე მუნიციპალიტეტისმერისა და გამგებლის ფუნქციების გაერთიანება.
მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას დარჩეს ახლა არსებული დაფინანსება. მოხდეს მეტი კონსოლიდაციამის საქმიანობაში და უფრო ჩქარა დაკმაყოფილდეს ქალაქისა და სოფლების საჭიროებები, _ ამბობს არჩილ თალაკვაძე.
_ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის მერისა და გამგებლის ფუნქციების გაერთიანებაში რა იგულისხმება?
_ განიხილება, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად, თვითმმართველობას, ერთი პირი გაუძღვება ორის ნაცვლად.
_ ბატონო არჩილ, თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი იდეა მეტი არჩეული თანამდებობის პირი იყო. ამ ცვლილებით, სწორედ ეს უქმდება და თქვენ ეს მოგწონთ?
_ რეფორმის მთავარი იდეა იყო და არის ეფექტური თვითმმართველობა.
_ ახლა არაეფექტურია? მაგალითად, ოზურგეთის მერის მუშაობა არაეფექტურად მიგაჩნიათ?
_ ჩვენს ოლქში თვითმმართველობის საქმიანობას მე დადებით შეფასებას ვაძლევ, თუმცა, მთავარია მისი მუშაობა თქვენ, მედიამ და საზოგადოებამ შეაფასოს, _ გვითხრა თალაკვაძემ.
წყარო: გურიანიუსი