გორი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების წინააღმდეგია

1305

გორი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის. საინიციატივო ჯგუფის “მეტი თვითმმართველობა” ინიციატივით, გორის უნივერსიტეტში თვითმმართველობის სავარაუდო გაუქმების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, გორის საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ რა შედეგი მოჰყვება გორისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმებას.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქის განვითარებას ხელს შეუშლის და კანონის მიღების შემთხვევაში, გორისთვის ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, თელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ქალაქების გაუქმებას მყარი არგუმენტები სჭირდება.

წყარო: იმედინიუსი