თვითმმართველობის შენარჩუნების მოთხოვნით ოზურგეთში უმრავლესობას 200-მდე ხელმოწერა გადასცეს

739

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაზე, რომელიც ოზურგეთში გაიმართა, მოსახლეობამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, 200-მდე ხელმოწერა გადასცა.

საერთო-სახალხო განხილვაზე თვითმმართველობის საკითხს მოსახლეობამ დიდი ყურადღება დაუთმო და შეკითხვათა უმრავლესობაც სწორედ თვითმმართველობას შეეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, თვიმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში “კიდევ უფრო ძლიერდება”.

“ის მიმდინარე პროცესები, რასაც მთავრობა ახორციელებს, არის მმართველობის რეფორმის ნაწილი, რომელიც წინასწარ იყო ჩვენს პოლიტიკურ პროგრამაში განსაზღვრული. რეალურად თვითმმართველობის გაძლიერება ხდება და არსებული დაფინანსება უნარჩუნდება. ადმინისტრაციული სისტემის კონსოლიდაცია ხდება თვითონ თვითმმართველობის ფარგლებში. არჩეული მერი რჩება ყველგან, თვითმმართველობა და ქალაქი რჩება ყველგან. ის სპეკულაციები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ მათ ზეწოლა მოეხდინათ ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებებზე. საზოგადოებას რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს თვითმმართველი ქალაქების და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა. 19 და 22 მაისს ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის თემის საკრებულოებმა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს. ორივეგან – თემშიც და ქალაქშიც სხდომები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

წყარო: იმედინიუსი