„თუ არსებობს აჭარის უზენაესი საბჭო, თქვენი ამ ლოგიკით, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, კახაბერ გულედანს, რომელმაც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების მთავარ არგუმენტად ორ მომიჯნავე მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელი ადგილობრივი ხელისუფლების არსებობა დაასახელა.
ირაკლი სესიაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა არ მოსწონს. სესიაშვილს ვერ გაუგია, რითი განსხვავდება, მაგალითად, ფოთი თელავისგან და რატომ უნდა ჰქონდეს ერთს თვითმმართველობა, ხოლო მეორეს არა. „თქვენ ამბობთ, რომ ერთიანი მიდგომა უნდა გვქონდესო და ამიტომ აუქმებთ ქალაქებს. მაშინ მითხარით, ფოთსა და თელავს შორის რა განხვავებაა? ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატს, ასევე, არ სჯერა, რომ ქალაქების თემთან გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი არ შემცირდება. „იმის გარანტიას, რომ ქალაქების გაუქმების შემდეგ ბიუჯეტები არ შემცირდება, თქვენ ვერ მომცემთ, რადგან ბიუჯეტს პარლამენტი ამტკიცებს. წელს, კი, ბატონო, დარჩება, მაგრამ როგორ იქნება გაისად? ან როგორ იქნება ერთიანი მიდგომა, თუ თელავს და გურჯაანს ისევ სხვადასხვა ბიუჯეტი ექნებათ? და თუ არ ექნებათ, რა ვქნათ ჩვენ, ამ 7 ქალაქის მაჟორიტარებმა, ბიუჯეტებზე დანარჩენ მაჟორიტარებს ვებრძოლოთ?!“ – მიმართა სესიაშვილმა გულედანს.
პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ ქალაქების კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანება ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს. გულედანის პასუხზე, რომ ქალაქების გამოყოფით ადმინისტრაციის ხარჯი გაიზარდა, სესიაშვილმა უპასუხა, რომ, თუ პრობლემა გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯია, იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ შეამცირონ და არა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის ძალიან კარგი გამოხატულებაა. დემოკრატია ფასიანია, უფასო დემოკრატია არ არსებობს. თუ ამბობთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯის პრობლემა გვაქვს, მე პირადად ვფიქრობ, ალბათ, ადმინისტრაცია ვერ გავაკეთეთ კარგად და ამიტომ“.
სესიაშვილმა, ასევე, ქალაქის სოფელთან მიმართებით არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან თემთან გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში ქალაქს მხოლოდ 4-5 წარმომადგენელი ეყოლება, მაშინ, როცა დანარჩენ სოფლებს სამჯერ უფრო მეტი. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროექტების განხორციელების დროს სოფლის დეპუტატთა ინტერესი ყოველთვის გადაწონის ქალაქის ინტერესებს.
მას შემდეგ, რაც საკითხი ადამიანის უფლებებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე კენჭისყრაზე დადგა, სესიაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.