მოქალაქე თელავის საკრებულოს: მეცოდებით! თელავმა თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო

1073

მეცოდებით! ყოჩაღ თქვენ! – ამ სიტყვებით დასრულდა ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომა. მოქალაქეები საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდნენ. თელავმა თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. 7 მომხრე და 6 წინააღმდეგი – ასე განაწილდა საკრებულოს წევრთა ხმები.

სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო და ის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეებს შორის ცხარე კამათის ფონზე წარიმაართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვდნენ, დაესაბუთებინა, თუ რატომ იქნება ქალაქისთვის კარგი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება. კერძოდ, რა იქნება ქალაქის ბიუჯეტი, რამდენი დეპუტატი ეყოლება ქალაქს გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკრებულოში, როგორ დაფინანსდება პროექტები და სხვა.

მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ქალაქს პირობები გაუუარესდება და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქ თელავის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას.

როგორც მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა განაცხადა, დღეს ქალაქის ბიუჯეტი მხოლოდ ქალაქზე იხარჯება, იევე, როგორც თემს თავისი ბიუჯეტი აქვს და კონცენტრირებულია მხოლოდ სოფლებზე. “2013 წლიდან დღემდე რა შედეგიც დადო გაყოფამ, აჩვენებს ნათლად, რომ წინ მივდივართ. გაერთიანება კი დეცენტრალიზაციის და ყველაფერი კარგის დავიწყებაა. დაიწყება ისევ სტაგნაცია, არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ ცუდები, არამედ იმიტომ, რომ სისტემაა ცუდი”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მჭედლიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა – ახალს არაფერს იძახით, მილიონჯერ გვაქვს ეს მოსმენილი. აქ საინტერესოს ვერაფერს ვხედავ, აზრების მოსმენა რომ გავაგრძელოთ.

ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ კამათი შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს კითხვები კიდევ ჰქონდათ და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

– რატომ არ გვალაპარაკებთ? – იკითხა მოქალაქემ.

-სიტყვას არ გაძლევთ და ხელს ნუ გვიშლით! გვაცალეთ! – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ მას.

-რა გაცალო, არჩილ, რა? წადით წინააღმდეგ, ასე როგორ შეიძლება?

-თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენ უკვე აზრი გამოთქვით.

ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგა და 7 ხმა 6-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გაერთიანების სასარგებლოდ მიიღეს.