დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში” – პარტია ახალციხის საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

366

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მარიამ დალალიშვილი, ამავე პარტიის წევრმა დავით ახალკაცმა ჩაანაცვლა. უკვე ყოფილი თავმჯდომარე ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. დალალიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად გადავიდა. მიმდინარე წელს, ეს მეორე შემთხვევაა, როცა “ნაცმოძრაობას” დეპუტატი პარტიდან გადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„მე დავტოვე ფრაქცია და რა თქმა უნდა თავმჯდომარეობაც. ენმ-ს წევრი აღარ ვარ. სადაც დათო ახალკაცი იქნება, იქ ვერ ვიქნები. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ენდო. დღეს რომ ახალკაცი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეა, ჩემთვის ნამდვილად რთულია. მან ყველა ჩამოიშორა. ნონა ქოზაშვილის [ფრაქციის ყოფილი მოადგილე] შემთხვევაშიც ასე მოხდა, შემდეგი მე ვიყავი“, – ამბობს “ნაცმოძრაობის” უკვე ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარე, მარიამ დალალიშვილი. იგი იმ დეტალებზე საუბრობს, რამაც პარტიაში დაპირისპირება გამოიწვია.

“თავიდანვე უნდოდა დავით [ახალკაცს] ეგ პოსტი, თავიდანვე იბრძოდა, თავიდანვე ყველას მიმართ იყო აგრესიული, სულ გამოხატავდა. ბოლო წერტილი იყო ის, რომ [პარტიაში] მიიტანა ამბები, რომ ვითომ ოცნებაში გადავედი და ვითომ მე მათ ყველაფერში ვეთანხმებოდი. ეს არის ამბიციური ყველაფერზე წამსვლელი პიროვენება. სამარცხვინოა, რომელ პარტიაში იქნება ეგ თავმჯდომარე”, – ამბობს მარიამ დალალიშვილი.

დალალიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, პარტიაში დათო ახალკაცის ფრაქციის თავმჯდომარედ დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა რა მოხდა, არ იცის.

„ძალიან მიკვირს ის, რომ ახალკაცი დაინიშნა. ზუსტად ვიცი, ეჭვიც კი არ მაქვს, რომ [პარტიაში] ყველა წინააღმდეგი იყო დათო ახალკაცის თანამდებობაზე დანიშვნის. ასე რომ არ ყოფილიყო, მე არავინ დამნიშნავდა თავის დროზე. პარტიისთვის მისი თავმჯდომარეობა არასასურველი იყო და ძალიან მიკვირის როგორ მოვიდა თავმჯდომარედ. ჩვენში [ფრაქციაში] მის მიმართ უნდობლობა იყო“, – ამბობს დალალიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით “სამხრეთის კარიბჭე” დავით ახალკაცს დაუკავშირდა, თუმცა, მან პარტიაში დაპირისპირებაზე კომენტარი არ გააკეთა.

„მარიამი აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დაახლოებით ერთი კვირაა, და ამ პოზიციას მე ვიკავებ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა დავით ახალკაცმა.