დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“პირველ რიგში ეს არის ჩემთვის შანსი ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და მუნიციპალიტეტს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღესაც ვცხოვრობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მარნეულის განვითარებას მოვახმარო. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, მარნეულში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ხელშესახები პროგრესის მიღწევას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ჩემი ამომრჩევლები ჩემი რაიონელები არიან და ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყოველდღე მქონდეს მათთან ურთიერთობა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის მერი მოქალაქის – ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2019 წლის 13 თებერვალს თემურ აბაზოვს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.