ზუგდიდში “სამოქალაქო ბიუჯეტის” შექმნა სურთ, რომელშიც მოსახლეობის ინიციატივები და სურვილები კონკრეტული პროექტების სახით უნდა აისახოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას ეკუთვნის. მისი თქმით, დღეს ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ხალხის აქტიური თანამონაწილეობის პირველ პრეცედენტად მან ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქი დაასახელა, სადაც “სამოქალაქო ბიუჯეტი” შექმნეს. რის შემდეგაც მისი თქმით, პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. სიახლე უკვე აამოქმედეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მარნეულში პოლონური ორგანიზაცია “თავისუფალი სივრცის“ დახმარებით.
“ბიუჯეტის შედგენა კი არ უნდა იწყებოდეს ზემოდან ქვევით, პირიქით, ქვევიდან უნდა მიდიოდეს მოსახლეობის სურვილი და მონაცემები. ჩვენ გვინდა ჩავერთოთ ამაში, რასაც თავისი პროცედურების გავლა სჭირდება“, – აღნიშნა მან.
დავით გახარიას თქმით, დღეს გორში “სამოქალაქო ბიუჯეტის” მოცულობა 2 800 000 ლარია და ორი წლის განმავლობაში უკვე 167 პროექტი დაფინანსდა.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, “სამოქალაქო ბიუჯეტი” მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ იქნება დამოკიდებული და ის კულტურულ და ახალგაზრდულ მიმართულებებსაც მოიცავს. მანვე განმარტა, რომ მოუწევთ შეიმუშაონ დოკუმენტთა პაკეტი ამ ბიუჯეტის, უკვე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ამბობს, რომ ინიციატივაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ, რათა 2020 წლისთვის “სამოქალაქო ბიუჯეტისთვის” მყარი ნიშნები ჰქონდეთ. საორგანიზაციო საკითხებში მათ პოლონური მხარე დაეხმარებათ.
“ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარების გაერთიანებით იქმნება საკოორდინაციო ორგანო, რომელიც მოსახლეობასთან მუშაობს, აწვდის ინსტრუქციას, თუ რა სახის პროექტები უნდა წარმოადგინოს, რა ლიმიტებში. მერე დიდ კომისიაზე გადის, რომელიც გადაწყვეტს დაფინანსდეს თუ არა“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მამუკა წოწერიას თქმით, თანხა უნდა გადანაწილდეს სამართლიანად, ყველა ზონასა თუ ადმინისტრაციულ ერთეულზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე კარგი ჩართულობა მოსახლეობის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.
ინიციატივა სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც მოიწონეს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელება ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო.