ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი საპროექტო განაცხადებით მიმართონ და ის პროექტები დააფინანსებინონ, რომელთა განხორციელებასაც თავად თვლიან საჭიროდ. ამისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ინიციატივით, მოქალაქეთა მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტის განხორციელება დაიწყო.
მონაწილეობითი ბიუჯეტის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა. სწორედ ამ თანხის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ, შეიმუშაონ საპროექტო განაცხადები და დაფინანსებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ. პროექტების წარდგენა, მათი შერჩევა და თანხის განკარგვა კი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ინოვაციური ელექტრონული მექანიზმის საშუალებით მოხდება.
როგორც გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში აცხადებენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტეგრირებული პლატფორმის საშუალებით მოხდება საპროექტო განაცხადების მიღება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაცხადებს შეისწავლის, თუ წარდგენილი პროექტი რამდენად შეესაბამება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რამდენად ჯდება შეთავაზებული პროექტი ბიუჯეტის ოდენობის ფარგლებში და ა.შ.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, საპროექტო განაცხადები, სავარაუდო ღირებულების მითითებით, წინასწარ განსაზღვრული ვადით გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა მათთვის სასურველ პროექტს ხმა მისცენ.
საკუთარი არჩევნის დასაფიქსირებლად ამომრჩევლებმა აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით უნდა მიუთითონ საკუთარი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის მისამართი. პროექტს, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე, ამბობენ, რომ შესაძლებელია, შემუშავდეს ფორმულა და მნიშვნელობა მიეცეს ხმების რაოდენობისა და პროექტის ბიუჯეტის თანაფარდობას. დარჩენილი თანხით კი დაფინანსდება მეორე, მესამე და ა.შ. პროექტები მანამ, სანამ თანხა არ ამოიწურება.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტი NDI-ს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინიციატივა მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობისათვის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“- ფარგლებში დაინერგა.