მთავრობას გორისა და თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევას კვლავ საყვედურობენ და ტერიტორიულ ოპტიმიზაციას სთხოვენ

1728

მთავრობას გორისა და თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევას კვლავ საყვედურობენ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი კი ტერიტორიულ ოპტიმიზაციის საკითხებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

ამ ორი ქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქები უნდა აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეცენტრალიზაციის პროცესი აზრს დაკარგავს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრებს, რომლის ორგანიზატორიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია იყო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და საკუთარ შენიშვნებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი მიხეილ ჩიტაძე ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ტერიტორიული ოპტიმიზაცია უნდა იყოს.

“ახლა გორში ვართ და ერთ-ერთი წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას მოჰყვა, იყო აქ. ვლაპარაკობთ საზოგადოების მონაწილეობაზე და ამ დროს მთავრობა ძალადობით ცვლის ამ მოწყობას, არ მგონია, ეს მოქალაქეთა ჩართულობაზე კარგად აისახოს. არ შეიძლება, ერთ მუნიციპალიტეტში იყოს 138 დასახლება, საიდანაც 30 ნასოფლარი და 1 მსხვილი ურბანული ცენტრია. ვერ მოხდება ნორმალური მართვა, იმიტომ, რომ ერთი და იგივე პრობლემები, მაგალითად, წყალი, კონტექსტშივე განსხვავდება ურბანულ და რურარულ დასახლებას შორის. ერთნაირად არ შეიძლება ამ პრობლემებისადმი მიდგომა. ამიტომ არ შეიძლება ამხელა თვითმმართველი ერთეულების არსებობა ქვეყანაში. განსაკუთრებით, ეს ეხება ურბანულ და რურარულ დასახლებებს. ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს. მაშინ, როცა მოსახლეობა სტატუსის გაუქმების წინააღმდეგი იყო, მთავრობამ მაინც გაიტანა თავისი და მერე ნუღარ მელაპარაკებით მოქალაქეთა ჩართულობაზე და სოფლებში კრებების ჩატარებაზე”, – მიმართა ჩიტაძემ შეხვედრის ორგანიზატორებს.

გარდა ამისა, ჩიტაძე თვლის, რომ თვითმმართველობებზე პოლიტიკური წნეხი უნდა მოიხსნას და ცენტრი ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. “პირველი, რაც უნდა მოხდეს, ისაა, რომ ცენტრიდან პოლიტიკური გავლენა უნდა შემცირდეს თვითმმართველობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მივიღებთ და მეორე – ტერიტორიული დაყოფა, რა თქმა უნდა, კომპლექსში ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციასთან ერთად,” – განაცხადა ჩიტაძემ.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს თელავშიც, სადაც თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტებმა – არჩილ მჭედლიშვილმა და მაკა მოსიაშვილმა მოთხოვნა სახელდახელოდ გაკეთებულ პლაკატებზეც გამოსახეს და შეხვედრის ორგანიზატორებს ასე დახვდნენ. ისინი ამბობენ, რომ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ექნება საკუთარი ბიუჯეტი, ეყოლება საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლება და უკეთ მოგვარდება თელავის წინაშე მდგარი გამოწვევები. მათ შეხვედრის ორგანიზატორებს შეახსენეს, რომ გადაწყვეტილება ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ დახურულ კარს მიღმა, მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რითაც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” დაარღვიეს.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილმა და მოსიაშვილმა ამ გადაწყვეტილების გამო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის ნიშნად, თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი წამოაყენეს.
არჩევნების დღეს კი “ცხვარს” მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს”, – აცხადებდნენ მაშინ აქტივისტები.

ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, გორს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს სტატუსი ხელისუფლებამ 2017 წელს ჩამოართვა და ამის მიზეზად ხარჯების დაზოგვა დაასახელა, თუმცა, გასულმა წელმა ცხადყო, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ხარჯები არათუ დაიზოგა, გაიზარდა კიდეც.

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავისა და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

პარლამენტის მიერ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, ვინაიდან ქალაქის თემთან გაერთიანების საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გაუმართავს, როგორც ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ითხოვს. სამწუხაროდ, სასამართლოს სარჩელზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

ხელისუფლება რომ ამ მიმართულებით ცვლილებას არ აპირებს, ეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტიდანაც ჩანს – დოკუმენტში ამ საკითხზე არაფერი წერია. სტრატეგიის პროექტზე მუშაობის დაწყების წინ კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საკითხზე მსჯელობასაც არ აპირებენ. არადა, საქართველო, თვითმმართველობებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობით, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აჭარბებს. თუ ევროპულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა, საშუალოდ, 6-7 ათასი მცხოვრებია, საქართველოში მისი საშუალო მაჩვენებელი 70 ათასია. ეს კი ართულებს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას მუნიციპალურ სერვისებზე, არაეფექტურია მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, შემცირებულია ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი.

ამ მოცემულობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიულ ოპტიმიზაციაზე ამჯერადაც კატეგორიულ უარს ამბობს.