9 თვე სარჩელის განხილვის მოლოდინში და მოუცლელი მოსამართლეები

1069

წინა სტატია

უკვე ცხრა თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

არასამთავრობო სექტორმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნებას ითხოვდა, იმ მოტივით, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიიღო, 2017 წლის 30 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რადგან ცვლილება არჩევნების წელს განხორციელდა, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს საქმის დაჩქარებულად შესწავლას და მიღებული აქტის შეჩერებას სთხოვდა. თუმცა, საქმე არათუ დაჩქარებულად, მეცხრე თვეა, საერთოდ არ განხილულა.

თავდაპირველად, საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გენადი მაკარიძეს დაეწერა. „ამ საქმეზე პროცესის თარიღი არ არის ჩანიშნული, მიზეზი გადატვირთულობაა. დაახლოებით 300-ზე მეტი საქმე აქვსწარმოებაში. რიგითობას ვერ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, როდის ჩაინიშნება პროცესი ამ საქმეზე, ჯერ ვერ  გეტყვით“, – განუცხადა იანვარში droa.ge-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ავთანდილ კვინიკაძემ.

თუმცა, მაკარიძემ ცოტა ხნის წინ ქუთაისის სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაინაცვლა, ამიტომაც საქმე ახალ მოსამართლეს – ლელა მილდერბერგერს გადააწერეს.

აღმოჩნდა, რომ მილდერბერგერს მაკარიძეზე მეტი საქმე აწერია. მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ მას 400-ზე მეტი საქმე აქვს განსახილველი, ამიტომაც, ჯერ ცნობილი არაა, როდისთვის ჩაინიშნება, ან შეიძლება ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. ამ დროისთვის მილდერბერგერი ბიულეტენზე იმყოფება და იმის დაზუსტება, პირველ საქმედ აპირებს არასამთავრობოთა სარჩელის განხილვას, თუ მეოთხასედ, შეუძლებელი გახდა.

როდისთვის შეიძლება ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, ამის შესახებ ინფორმაციას არც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფლობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას, თუ როდის დაიწყებს სარჩელის განხილვას. პავლიაშვილი თვლის, რომ პროცესი ძალიან გაჭიანურდა. “იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ და სარჩელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაჩქარებული წესით განეხილათ, სასამართლო საერთოდ არ ჩქარობს აღნიშნული სარჩელის განხილვას”, – ამბობს საიას აღმასრულებელი დირექტორი.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსი არ გაეუქმებინა, ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავისა და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდივე სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ის, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას ადგილობრივი მოსახლეობითვის აზრი არ უკითხავს, არაერთი ფაქტით დასტურდება. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე სასამართლო ამ დრომდე არ მსჯელობს. “მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოებს საკუთარი ქალაქების გაუქმების შესახებ ხმის მიცემა აიძულეს, ფაქტია, რომ მანამდე ეს საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან არავის განუხილავს. ამით კი დაირღვა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კოდექსი, რომელიც შესაბამის უწყებებს მუნიციპალიტეტების გაყოფა-გაერთიანების საკითხის მოსახლეობასთან განხილვას ავალდებულებს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს პროცესის გაჭიანურების რეალური მიზეზი. ან მოსამართლემ შავზე თეთრიაო, უნდა თქვას და დაეთანხმოს ხელისუფლების არგუმენტებს, რაც არც თუ ისე იოლი იქნება, ან უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და თქვას, რომ ქალაქების გაუქმებისას ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, რისი თქმაც მისთვის მთლად მარტივი არ უნდა იყოს,” – ამბობს მელაშვილი.

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქები – ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გარეშე, ახალ რეალობაში აგრძელებენ ცხოვრებას. ამ ქალაქებს აღარ აქვთ საკუთარი ბიუჯეტი, აღარ ჰყავთ საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლება, ვეღარ იღებენ დამოუკიდებელ, მხოლოდ ქალაქისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. ისინი ახლა უკვე თემში შემავალ სხვა დასახლებებთან ერთად ცდილობენ განვითარებას.

გაგრძელდება თუ არა ამ ქალაქების არსებობა ისე, როგორც ეს მათ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იძულებით განუსაზღვრა, ახლა მოსამართლე მილდერბერგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე, მან ჯერ სასამართლო პროცესი უნდა ჩანიშნოს.