1 072 900 ლარის საბიუჯეტო ეკონომიას შეწირული შვიდი თვითმმართველი ქალაქი

1797

ირაკლი პაპავა

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი

როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში 2014 წელს გატარებული რეფორმის მთავარი მიღწევა შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნა იყო, რომლის ძალითაც, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით კიდევ შვიდ ქალაქს – თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთსა და ზუგდიდს მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, თვითმმართველი ქალაქების რიცხვი თორმეტამდე გაიზარდა. პარალელურად, ის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქები გამოეყო, ცალკე თვითმმართველ ერთეულებად ჩამოყალიბდა თვითმმართველი თემების სახით; ანუ, საერთო ჯამში, რეფორმის შედეგად, სულ 14 ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნა.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ მოცემულობამ მხოლოდ სამი წელი იარსება. 2017 წლის 15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზემოხსენებულ 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც ამ მუნიციპალიტეტების  საკრებულოებმა, დაჩქარებული წესით, რამდენიმედღიანი შუალედით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამასთან, საგულისხმოა, რომ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაცადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისაუცილებელი მოთხოვნაა;[1] ასე რომ, 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა, ფაქტიურად, მთავრობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება 2014 წელს შექმნილი 14 მუნიციპალიტეტის კვლავ 7 მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების თაობაზე.

ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ 2014 წელს მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე ზომის ერთეულებად ქცევა არათუ „არ აღმოჩნდა დასახული ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი“, არამედ მან, პირიქით, წარმოშვა რიგი პრობლემებისა: (1) „მინიმუმ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი მუნიციპალიტეტის და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად“; (2) „კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად“; (3) „გაუარესდა ხარჯვის ეფექტიანობა“ (ხარჯვა არ იყო განვითარებაზე ორიენტირებული).[2] შესაბამისად, ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება ხელს შეუწყობდა „ეფექტიან მართვას“ და „ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდას“.[3]  

საინტერესოა, რამდენად რეალურ და სწორ გათვლებს ემყარებოდა ცენტრალური ხელისუფლების ასეთი მოლოდინები, რამდენად დასაბუთებული და საგნობრივ მსჯელობაზე დაფუძნებული იყო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.

დაიზოგა თუ არა საბიუჯეტო სახსრები შვიდი თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის გაუქმებით?

დავიწყოთ იმის ანალიზით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის გაუქმებითა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში დაბრუნებით, რეალურად მოხდა თუ არა იმ ოდენობის ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა, რასაც ხელისუფლება ვარაუდობდა,[4] რამდენად სწორ გათვლებს აკეთებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მიმართულებით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია 2017 წელს გასაერთიანებელ/გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ შესახებ 2017 და 2018 წლების მიხედვით; საგულისხმოა, რომ 2017 წლის მონაცემები წარმოდგენილია როგორც ცალ-ცალკე გაერთიანებამდე არსებული საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის, ისე ჯამური სახითაც. ამასთან, 2017 წლის შესაბამისი მონაცემები აღებულია ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოთა მიერ დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტების ოფიციალური ვარიანტებიდან, 31/05/2017-ის მდგომარეობით, ხოლო 2018 წლის მონაცემები კი – გაერთიანების შედეგად შექმნილი მუნიციპალიტეტების 2018 წლის ბიუჯეტების ასევე ოფიციალური რედაქციებიდან, 31/05/2018-ის მდგომარეობით (თანხები მითითებულია ათას ლარებში):

როგორც ვხედავთ, შვიდი ახალი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტების თანახმად, „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“, მოცემული მომენტისთვის, (31/05/2018-ის მდგომარეობით), საერთო ჯამში, 35 756 700 ლარითაა დაგეგმილი და იგი მხოლოდ 1 072 900 ლარით ნაკლებია გაერთიანებამდე არსებული საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების 2017 წლის ანალოგიურ (31/05/2017-ის მდგომარეობით) ჯამურ მაჩვენებელთან (36 8829 600 ლარი) შედარებით.

ეს კი, ფაქტიურად, იმას ნიშნავს, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის გაუქმებითა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში ინტეგრირებით, საქართველოს მთავრობას, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზისა და მოლოდინების მიუხედავად, რეალურად, მხოლოდ 1 072 900 ლარის საბიუჯეტო ეკონომია შერჩა ხელში. შესაბამისად, სწორედ ამ მიზერულ საბიუჯეტო ეკონომიასა და მთავრობის „უსაგნო ახირებას“ შეეწირა 2017 წელს გაუქმებული 7 თვითმმართველი ქალაქის მცხოვრებთა ფუნდამენტური უფლება ადგილობრივ თვითმმართველობაზე. არადა, ამ გზით რეალურად დაზოგილი ეს უმნიშვნელო საბიუჯეტო სახსრები მართლაც არაფერია იმ გამოუსწორებელ „გვერდით ეფექტებთან“ შედარებით, რაც, ზოგადად, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ გამსხვილებას და რურალური და ურბანული მუნიციპალიტეტების ერთ თვითმმართველ ერთეულში მოქცევას შეიძლება მოჰყვეს თან, მაგალითად, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მუნიციპალიტეტის არჩეულ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის კავშირის შესუსტება, სუბსიდიარობის პრინციპის პრაქტიკაში განხორციელების ხარისხის შემცირება, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის შესაძლებლობის შესუსტება, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის ეფექტიანობის კლება და ა.შ.

რა სიტუაციაა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ?

ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც, რომლის ფართომასშტაბიან განხორციელებასაც, როგორც აღმოჩნდა, თურმე, თვითმმართველი ქალაქების არსებობა უშლიდა ხელს. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით დაზოგილი საბიუჯეტო თანხების რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართვით აპელირების კვალდაკვალ, თავის დროზე ხელისუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად იმ გარემოებასაც ასახელებდა, რომ ტერიტორიული გამსხვილების შედეგად შენარჩუნდებოდა „კვლავ შეერთებული მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსები“, „აქცენტით მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე“ და, რომ პირველ ეტაპზე ამის ძირითადი ინსტრუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესაბამისი დაბალანსება და, ასევე, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის სრულყოფა“.[5]

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია 2017 წელს გასაერთიანებელ/გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის“ პროგრამის დაფინანსებისა და მის ფარგლებში „არაფინანსური აქტივების ზრდაზე“ (რომელიც უმთავრესად ბიუჯეტის კაპიტალურ, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს მოიცავს) გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების შესახებ 2017 და 2018 წლების მიხედვით; ამასთან, 2017 წლის მონაცემები მოცემულია როგორც ცალ-ცალკე გაერთიანებამდე არსებული საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის, ისე ჯამური სახითაც. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის სათანადო მონაცემები აღებულია საკრებულოების მიერ დამტკიცებული შესაბამისი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების 31/05/2017-ისთვის არსებული ოფიციალური (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებული) რედაქციების მიხედვით (თანხები მითითებულია ათას ლარებში):

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის“ პროგრამის 2018 წლის ჯამური დაფინანსება (103 612 900 ლარი) შვიდ ახალგაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მოცემული მომენტისთვის (31/05/2018-ის მდგომარეობით)  9 513 300 ლარით ნაკლებია გაერთიანებამდე არსებული საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელთან (113 126 200 ლარი) შედარებით;

ასევე, სოლიდურია სხვაობა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლთან მიმართებით – კერძოდ, შვიდი ახალი მუნიციპალიტეტის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის 2018 წლის ჯამური დაფინანსება 6 320 500 ლარით ნაკლებია გაერთიანებამდე არსებული მუნიციპალიტეტების 2017 წლის ანალოგიურ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით.  გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, თუკი 2017 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდისთვის“ გაერთიანებამდე არსებულ მუნიციპალიტეტებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ჯამური ოდენობა 43 478 100 ლარს შეადგენდა, მათი გაერთიანების შედეგად შექმნილი 7 ახალი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ანალოგიური ჯამური მაჩვენებელი მხოლოდ 41 726 300 ლარია; ანუ, გამოდის, რომ, 2017 წელთან შედარებით, ეს შვიდი მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მოცემული მომენტისთვის (31/05/2018-ის მდგომარეობით), ფაქტიურად, 1 751 800 ლარით ნაკლებ ფინანსურ სახსრებს მიიღებს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი სიტუაცია ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს სწორებად ან აქცენტირებად „მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე“ (რომლის ძირითად ინსტრუმენტადაც ხელისუფლება პირველ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესაბამის დაბალანსებას განიხილავდა).

რა ფინანსური ეფექტი იქონია ახალი თანამდებობის პირების გაჩენამ საკრებულოებში?

2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაერთიანების (რეალურად, მხოლოდ ტერიტორიული ცვლილების) გარდა, დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ერთადერთ ხელშესახებ ცვლილებად, რაც ბოლო დროს თვითმმართველობის სფეროში განხორციელდა, ის ფაქტი იქცა, რომ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობით ორგანოში თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა, საკრებულოს თანამდებობის პირის რანგში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის აყვანის ხარჯზე. სახელდობრ, საქართველოს ორგანულ კანონში „ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 2017 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილებით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო, ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა) უფლებამოსილია, ჰყავდეს დამატებით კიდევ ერთი მოადგილე.

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყო იმის გარკვევა, თუ რა შედეგები მოიტანა და რა ფინანსური ეფექტი იქონია მუნიციპალიტეტებისთვის ახალი თანამდებობის პირების გაჩენამ საკრებულოებში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებული თანამდებობის პირების, კერძოდ, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულებისა და მათი თანამდებობრივი სარგოების რაოდენობის შესახებ. ამასთან, შესაბამისი მონაცემები ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან ოფიციალურად გამოთხოვილ, აგრეთვე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებულ, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ და ცნობილ ინფორმაციას.

შეიძლება ცალსახად ითქვას (და ეს მოცემული ცხრილიდანაც კარგად ჩანს), რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2017 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულ ზემოაღნიშნულ ცვლილებას რამდენიმე ლოგიკური, მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა „გვერდით ეფექტად“:

(1) ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის ხელოვნურად (თუნდაც კანონისთვის გვერდის ავლით) გაზრდის ცდუნებასა და პატარ-პატარა, ძირითადად, 3-კაციან ფრაქციებად (საიდანაც ორი საკრებულოს თანამდებობის პირია) დათიშვის არასახარბიელო ტენდენციას. შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება საკრებულოს ფრაქციათა რიცხვის ხელოვნურად გაზრდის ტენდენცია, უმთავრესად, მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, როგორც 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის (და არა საარჩევნო ბლოკის), წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უპარტიო წევრთა (რომლებსაც, წესით, უფლება აქვთ, გაერთიანდნენ ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად) მონაწილეობით უმეტესი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შექმნილია და არსებობს შემდეგი სახელწოდების ფრაქციები: „ქართული ოცნება – მწვანეები“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მრეწველები“ და ა.შ. ფაქტიურად, ამ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრებთან მიმართებაში ადგილი აქვს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უპარტიო წევრის მიმართ დადგენილი რეგულაციის უკანონოდ გამოყენებას (რამეთუ, მმართველი პოლიტიკური ძალის შემთხვევაში, საკრებულოს უპარტიო წევრის უშუალო წარმდგენი არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და არა, მაგალითად, „ქართული ოცნება – მწვანეები“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ ან „ქართული ოცნება – მრეწველები“ და ა.შ.).

ამასთან, საინტერესოა, რომ, საკრებულოს ფრაქციათა რაოდენობის მხრივ, საქართველოს მასშტაბით, „ლიდერ“ მუნიციპალიტეტთა სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: პირველობას არავის უთმობს მარტვილის მუნიციპალიტეტი, რომლის საკრებულოშიც მოცემული მომენტისთვის (31/05/2018-ის მდგომარეობით) ოფიციალურად ცხრა ფრაქციაა შექმნილი; მეორე ადგილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო იკავებს რვა ოფიციალურად რეგისტრირებული ფრაქციით, ხოლო მესამე ადგილზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტია, რომლის წარმომადგენლობით ორგანოში შვიდი ფრაქცია ფუქციონირებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მომდევნო ადგილებს ერთბაშად თხუთმეტი მუნიციპალიტეტი იყოფს და ინაწილებს, რომელთა საკრებულოებიც ექვს-ექვსი ფრაქციით არიან წარმოდგენილნი. ესენი არიან: სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, აბაშის, მესტიის, ადიგენის, ნინოწმინდის, გორის, ხაშურის, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, ქალაქ რუსთავის, თეთრიწყაროს და ხულოს მუნიციპალიტეტები.

(2) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გასული წლის 15 დეკემბერს შეტანილი ზემოხსენებული ცვლილების წყალობით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტს დამატებით კიდევ საკრებულოს 351 ახალი თანამდებობის პირი (საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) შეემატა, რომელთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა 440 910 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამდებობის პირთა რიცხვმა მოცემული მომენტისთვის 676 ერთეული შეადგინა (საკრებულოს ფრაქციათა 325 თავმჯდომარეს დამატებული ფრაქციის თავმჯდომარეთა 351 მოადგილე), რომელთა ყოველთვიური სახელფასო უზრუნველყოფა ამ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს, საერთო ჯამში, 1 008 150 ლარი დაუჯდება, რაც წლის განმავლობაში 12 097 800 ლარია.

საგულისხმოა, რომ, ქვეყნის დედაქალაქის შემდეგ (სადაც საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტზე, ანუ საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეებსა და ფრაქციების თავმჯდომარეთა მოადგილეებზე, მხოლოდ შრომის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად, ჯამში, 48 660 ლარი გაიცემა), იმ „მოწინავე“ მუნიციპალიტეტების პირველი ხუთეული, რომელთა საკრებულოებშიც ფრაქციებს, სახელფასო უზრუნველყოფის კუთხით, გამორჩეულად „დიდი კუჭი“ აქვთ, შემდეგნაირად გამოიყურება: (1) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – აქ საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტზე, შრომის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად გასაცემი თანხა, ჯამში, 26 000 ლარს შეადგენს; (2) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – საკრებულოს ფრაქციათა თანამდებობის პირების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება ჯამურად 24 900 ლარია; (3) მარტვილის მუნიციპალიტეტი – საკრებულოს ფრაქციათა ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება – 24 050 ლარი; (4) სამტრედიისა და (5) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტები – ორივე მათგანი საკრებულოს ფრაქციათა ინსტიტუტის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 21 600 ლარს ხარჯავს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „უმადობას“ ფრაქციები არც ქალაქ ფოთის (თვეში – 21 300 ლარი), გარდაბნის (20 500 ლარი), ახალქალაქის (19 800 ლარი), ბოლნისისა (19 800 ლარი) და ქალაქ რუსთავის (ფრაქციათა ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება – 19 400 ლარი) მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უჩივიან.

ყველაზე ძვირად საკრებულოს ფრაქციის თანამდებობის პირთა შრომა, როგორც წესი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფასობს – აქ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 4 160 ლარს შეადგენს, ხოლო მისი მოადგილისა კი – 3 980 ლარს. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გარჯა ასევე მაღალანაზღაურებადია (1) გარდაბნის (თვეში – 3000 ლარი), (2) ბოლნისის (2950 ლარი), (3) ქალაქ ბათუმის (2900 ლარი), (4) ქალაქ რუსთავის (2600 ლარი) და (5) ქალაქ ფოთის (2500 ლარი) მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს სიდიდეს, ამ მხრივ, „ლიდერ“ მუნიციპალიტეტებს შორის (ბუნებრივია, დედაქალაქის შემდგომ) არიან: (1) ქალაქ ფოთის (თვეში – 2200 ლარი), (2) ქალაქ ბათუმის (2000 ლარი), (3) მარნეულის (1800 ლარი), (4) გარდაბნის (1700 ლარი), (5) ბოლნისისა და (6) ქალაქ რუსთავის (თვეში – 1600 ლარი) მუნიციპალიტეტები.

ძირითადი მიგნებები და დასკვნები

ზემოაღნიშნული ანალიზის შედეგად, ძირითადი მიგნებებისა და დასკვნების სახით, შეიძლება ითქვას შემდეგი:

– 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ძირითად ნაწილში, ზედმეტად იდეალისტური და რეალობას აცდენილი, ხოლო მათი დასაბუთება კი საგნობრივ მსჯელობას მოკლებული აღმოჩნდა;

– რეალურად, ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევისა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში ინტეგრირების საპირწონედ, მათი ადმინისტრაციის გაუქმების ხარჯზე, მხოლოდ 1 072 900 ლარის საბიუჯეტო ეკონომია შერჩა ხელთ;

– საბიუჯეტო ეკონომიის სახით გამოთავისუფლებული ეს ფინანსური სახსრები, პრინციპში, მთლიანად შთანთქა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულმა კიდევ ერთმა „უსაგნო“ გადაწყვეტილებამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის რანგში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის აყვანის შესახებ, რომლის შედეგადაც, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ ბიუჯეტს დამატებით კიდევ საკრებულოს 351 ახალი თანამდებობის პირის (საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის) სახელფასო უზრუნველყოფა დააწვა ზედმეტ ტვირთად;

– საკრებულოს ამ ახალი 351 თანამდებობის პირის წლიური შრომის ანაზღაურება საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, საერთო ჯამში, 440 910 X 12 = 5 290 920 ლარი დაუჯდება;

– იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებელს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის რაიმე ნათლად განსაზღვრული სტანდარტი არ დაუდგენია და  საკრებულოებს, ფაქტიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ და შეუზღუდავად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება საკრებულოს ფრაქციებთან მიმართებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება საკრებულოს ფრაქციათა რიცხვის ხელოვნურად გაზრდის ტენდენცია, ძირითადად, მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან;

– მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა და ადგილობრივი ბიუჯეტი, პრაქტიკულად, პოლიტიკური ლოიალობის წახალისებისა და დასაქმების ბიუროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას არ გააჩნია საკმარისი საკუთარი შემოსავლები და, მნიშვნელოვანწილად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილ სხვადასხვა სახის ტრანსფერზეა დამოკიდებული, არჩევნებში გამარჯვებული ძალები, ამ ისედაც მწირი შემოსავლების რაციონალურად (ეფექტიანად) მართვისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარი კეთილდღეობისა და პოლიტიკური ლოიალობის მოპოვება-შენარჩუნებაზე ზრუნვით არიან დაკავებულნი. არადა, წესით, საკრებულო არ უნდა იყოს დასაქმების ადგილი. როდესაც პირი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იდეაში, იგულისხმება, რომ იგი არის წარმატებული, შემდგარი, კარგი რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელსაც დასაქმების პრობლემა არ აწუხებს და უბრალოდ თავის ინტელექტს, ცოდნას, გამოცდილებასა და გამოთავისუფლებული დროის გარკვეულ ნაწილს უსასყიდლოდ ახმარს საკუთარი მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარების საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოკვეთილი ტენდენცია კი  სრულიად საპირისპიროს მეტყველებს: პიროვნება საკრებულოს არჩევნებში იმიტომ იღებს მონაწილეობას, რომ დასაქმების პრობლემა მოიგვაროს და  პირადი კეთილდღეობა მოიწყოს;

– სათემო და საქალაქო მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების შედეგად შექმნილ შვიდ ახალ მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ, გასულ წელთან შედარებით, 2018 წლის განმავლობაში არათუ რაიმე მკვეთრ სასიკეთო ცვლილებებს, არამედ, პირიქით, გაუარესებას უნდა ველოდოთ;

– და ბოლოს, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღითიდღე, წლიდან წლამდე უარესდება ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტისადმი, რითაც, საბოლოო ჯამში, საკუთრივ, თვითმმართველობის იდეისა და ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება.

_______________________________________

* ირაკლი პაპავა – „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი (e-mail: irakli.sdgk@gmail.com).

[1] – თვალსაჩინოებისათვის იხ. „კვლევა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება შეაფერხებს ქალაქების და სოფლების განვითარებას“ (ელ. რესურსი), წვდომის თარიღი: 30/05/2018.

[2] – იხ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება, 29.03.2017 (ელექტრონული რესურსი), , წვდომის თარიღი: 30/05/2018.

[3] – იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, გვ. 2 (ელექტრონული რესურსი),  წვდომის თარიღი: 30/05/2018.

[4] – კერძოდ, ხელისუფლება აცხადებდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის არსებობამ 40 მილიონი ლარით გაზარდა ხარჯები, საიდანაც 60%-ზე მეტი წავიდა, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ხარჯებზე. – იხ. „7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – ოპოზიცია ხელისუფლების გეგმებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 30/03/2017 სიუჟეტი, წვდომის თარიღი: 30/05/2018.

[5] – იხ. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება“, 29.03.2017 (ელექტრონული რესურსი)