საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმის მოწმეებმა მის საწინააღმდეგოდ ცრუ ჩვენებები მისცეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“საქმეში წარმოდგენილი მოწმები ფიზული გადიევი და ჯეიხუნ ჩოიდაროვი “ბარიგები“ და აგენტები არიან, ალი ალიევი, ვითომ და სასულიერო პირი, ისიც აგენტია. ისინი უნდა ისხდნენ ამ სკამზე. მე რა შუაში ვარ, ვიღაცამ, ვიღაცას აგინა, ეს რაღაც აბსურდია. ეს ხალხი ჩემი პოლიტიკური ოპონენტია და მე რა შუაში ვარ. ეს ყველაფერი 28 ოქტომბერს დასრულდება”, – განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა, რომელიც წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
სულეიმანოვი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს. აზერ სულეიმანოვის ამ გაცხადებაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა გამიჯნულია პოლიტიკისგან.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის დაქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.