ბორჯომის ახლადაკომპლექტებულმა საკრებულომ მერიის და საკრებულოს აპარატის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამშრომლებს ხელფასი 150 –400 ლარამდე გაეზრდებათ. მერის მოადგილეს კი 500 ლარით. არ იზრდება მხოლოდ მერის ხელფასი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
რაც შეეხება საკრებულოს. აქ ხელფასი მხოლოდ საკრებულოს აპარატის 16 თანამშრომელს ეზრდება (150–400 ლარამდე). იგივე რჩება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიის და ფრაქციების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოები.
ბორჯომის თვითმმართველობის თანამშრომლები სამი თვის ხელფასს ეტაპობრივად აიღებენ. 22 დეპუტატიდან მერიის თანამშრომლებზე ხელფასების მატების წინააღმდეგი მხოლოდ ერთი, ვიოლეტა ბალახაშვილი იყო.
დღეს ბორჯომის საკრებულო ახალი თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეც აირჩია.
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, პატრიოტთა ალიანსის წევრს ზაზა ჩაჩანიძეს იმპიჩმენტი ბორჯომის მერიის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების სკანდალის გამო გამოუცხადეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.
ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის მიზეზი მერიის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი გახდა. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან შვიდჯერ დაუბრუნა.