ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე ისევ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა – გიორგი გოგიჩაიშვილმა ჩანაცვლა. 21 ხმით 1-ის წინააღმდეგ გოგიჩაიშვილი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
საკრებულოს სხდომას 22 დეპუტატი ესწრება – 13 „ქართული ოცნებიდან“, ხოლო ცხრა „პატრიოტთა ალიანსიდან“. სხდომაზე არ გამოცხადდა ექვსი დეპუტატი – ორი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ორი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთი „ევროპული საქართველოდან“ და ერთი „ლეიბორისტული პარტიიდან“.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესაც აირჩევენ. ასევე, დამტკიცდება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხა, რის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ.
როგორც ცნობილია, ჩაჩანიძე ბორჯომის მერიის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების სკანდალს გადაჰყვა – საკრებულოს მათი ხელფასები დამტკიცებული ამ დრომდე არ აქვს. სწორედ ამიტომ ჩაჩანიძე 28 მარტს თანამდებობიდან გადააყენეს. მის გადაყენებას, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, მხარი “პატრიოტთა ალიანსის” ორმა წევრმა დაუჭირა. ოპოზიცია ამბობდა, რომ “ოცნება” და “პატრიოტები” გარიგდნენ და ამ გარიგების შედეგად, ახალი თავმჯდომარეც “ალიანსელი” იქნებოდა.