ბორჯომის საკრებულოს სხდომა დაიწყო, თუმცა ოპოზიცია მას არ ესწრება

708

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოში სხდომა დაიწყო, თუმცა სხდომაში არ მონაწილეობენ: ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტების დეპუტატები. სხდომას ასევე არ ესწრება პატრიოტთა ალიანსის სამი წევრი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ბორჯომის საკრებულოს შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა.

დღის წესრიგში 3 ძირითადი საკითხია – საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენება, საშტატო ნუსხის დამტკიცება და ქართული ოცნების ფრაქციაში შესატანი ცვლილებების განხილვა.

ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიცია, საკრებულოს სხდომის პარალელურად, პროვოკაციას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს 15-მა წევრმა სპეციალური განცხადება 27 მარტის დღის ბოლოს გაავრცელა. წარმომადგენლობითი ორგანოს ადრესატები პოლიტიკური წრეები და საზოგადოებაა.

როგორც ცნობილია, ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვეა, ვერ განიმუხტა. ამის მიზეზი მერიის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი გახდა. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან მეშვიდედ დაუბრუნა.

ამის გამო დღის წესრიგში საკრებულოს თამვჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგა, რომელიც სწორედ 28 მარტის სხდომაზე უნდა განიხილონ. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჩანიძის ადგილას მისივე თანაგუნდელს წარადგენენ.