ბორჯომის საკრებულოს 15 წევრი თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს

979

წინა სტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვს. ამათგან ორი მისი თანაგუნდელია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადება დღეს, 21 მარტს, შევიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

დოკუმენტს 15 დეპუტატი აწერს ხელს – 13 „ქართული ოცნებიდან“ და ორი „პატრიოტთა ალიანსიდან“: მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.  სხდომა, რომელზეც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ, 28 მარტს დაინიშნა.

„სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით, ჩემი გადაყენების საკითხსაც გავიტან. ვნახოთ რა მოხდება. რეალურად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ხალხმა კარგად დაინახა ვინ ვინაა“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

რაც შეეხება იმას, რომ განცხადებას „ოცნების“ დეპუტატებთან ერთად ხელს მისი თანაგუნდელებიც აწერენ, ჩაჩანიძე ამბობს: „იესოს უღალატეს და … ვნახოთ 28–ში რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“. ჩაჩანიძე აცხადებს, რომ მას ჯერ ლურსმანაშვილთან და მარტინენკოსთან არ უსაუბრია: „არ ვიცი ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეს“.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. საკრებულოს 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიების დეპუტატები წარმოადგენენ. საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 15 ოპოზიციიდანაა, 13 კი “ქართული ოცნებიდან”. ოპოზიციური პარტიიდან, “პატრიოტთა ალიანსიდანაა” საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც. ამ ფაქტის გამო, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში “ქართული ოცნების” დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდნენ.

ბორჯომის საკრებულოს კრიზისი ამით არ ამოიწურება. საკრებულოს დეპუტატებმა შვიდჯერ ჩააგდეს ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი. ერთ–ერთ ბოლო სხდომას ამ საკითხზე, დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლა და შემდეგ, მერიის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მოჰყვა.