პატრიოტები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ზაზა ჩაჩანიძის მოადგილეს წარადგენენ

1039

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრს ზაზა ჩაჩანიძეს ისევ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ჩანაცვლებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ თქვა. გოჩა თევდორაძის განცხადებით, პატრიამ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის გადაწყვეტილება შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე მიიღო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ჩაჩანიძემ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო კრიზისის დაძლევა. მან პირად ინტერესებზე ვერ თქვა უარი. სწორედ ამიტომ, ხვალ მის გადაყენებას მხარს დავუჭერთ და წარვადგენთ თავმჯდომარედ “პატრიოტების” წევრს, რომელიც დღეს მოადგილის თანამდებობას იკავებს. გარკვეულ პოლიტიკურ რისკზე მივდივართ, თუმცა თუ ქართულ ოცნებას შესწევს გამბედაობა და უნდა არსებული პრობლემების მოგვარება მან მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კანდიდატს”- განაცხადა თევდორაძემ.

სხდომა ბორჯომის საკრებულოში 28 მარტს გაიმართება. თუ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის კანდიდატმა 15 ხმა ვერ მოიპოვა, შესაძლოა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ბორჯომის საკრებულოში “პატრიოტებს” 11, “ქართულ ოცნებას” 13, “ნაციონალურ მოძრაობას” 2, “ევროპულ საქართველოს” 1, “ლეიბორისტულ პატრიას” 1 წევრი ჰყავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

ბორჯომის საკრებულოს კრიზისი ამით არ ამოიწურება. საკრებულოს დეპუტატებმა შვიდჯერ ჩააგდეს ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი. ერთ–ერთ ბოლო სხდომას ამ საკითხზე, დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლა და შემდეგ, მერიის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მოჰყვა.