ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიცია, საკრებულოს სხდომის პარალელურად, პროვოკაციას გეგმავს

800

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიცია, საკრებულოს სხდომის პარალელურად, პროვოკაციას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს 15-მა წევრმა სპეციალური განცხადება დღის ბოლოს გაავრცელა. წარმომადგენლობითი ორგანოს ადრესატები პოლიტიკური წრეები და საზოგადოებაა.

“ბორჯომის საკრებულოს დეპუტატთა მიმართვა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისადმი! ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში ჩამოსვლას (რამდენიმე მათგანი უკვე ბორჯომშიცაა) იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა დაიცვან ბორჯომის საკრებულო, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები და ბორჯომელების ღირსება. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს წევრები, ვმოქმედებთ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ვახორციელებთ ჩვენს უფლება-მოსილებას, არ ვსაჭიროებთ დაცვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების მხრიდან. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ საქმიან რეჟიმში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარვმართოთ 2018 წლის 28 მარტის სხდომა! ჩვენ გაქვს სურვილი,- ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს გამართული ფუნქციონირება! ჩვენ გაქვს მიზანი,- დავიწყოთ ბორჯომისა და ბორჯომელებისათვის სასიცოცხლო პროექტების განხორციელება! ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი დებულებისა და სინდისის თანახმად და ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით დემოკრატიული პროცესის განვითარებას, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით! მოგვეცით საშუალება,- წარვმართოთ სხდომა, ბორჯომის საკრებულოს დებულების თანახმად! მოგვეცით საშუალება,- გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი და მივიღოთ ის გადაწვეტილება, რასაც ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად იღებს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ჩარევა (საკრებულოს მუშაობის პროცეში) აღქმული იქნება, როგორც საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა, რაც არადემოკრატიული და უკანონოა!” – ნათქვამია მიმართვაში.

როგორც ცნობილია, ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვეა, ვერ განიმუხტა. ამის მიზეზი მერიის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი გახდა. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას სარგოების შესახებ დოკუმენტი შენიშვნებით უკან მეშვიდედ დაუბრუნა.

ამის გამო დღის წესრიგში საკრებულოს თამვჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგა, რომელიც სწორედ 28 მარტის სხდომაზე უნდა განიხილონ. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჩანიძის ადგილას მისივე თანაგუნდელს წარადგენენ.

“ჩაჩანიძემ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო კრიზისის დაძლევა. მან პირად ინტერესებზე ვერ თქვა უარი. სწორედ ამიტომ, ხვალ მის გადაყენებას მხარს დავუჭერთ და წარვადგენთ თავმჯდომარედ “პატრიოტების” წევრს, რომელიც დღეს მოადგილის თანამდებობას იკავებს. გარკვეულ პოლიტიკურ რისკზე მივდივართ, თუმცა თუ ქართულ ოცნებას შესწევს გამბედაობა და უნდა არსებული პრობლემების მოგვარება მან მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კანდიდატს”- განაცხადა დღეს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ.

სხდომა ბორჯომის საკრებულოში დღეს, 28 მარტს, გაიმართება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბორჯომის საკრებულოში “პატრიოტებს” 11, “ქართულ ოცნებას” 13, “ნაციონალურ მოძრაობას” 2, “ევროპულ საქართველოს” 1, “ლეიბორისტულ პატრიას” 1 წევრი ჰყავს.