ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ

381

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფაქტი ძალიან სამწუხაროა. პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კლინიკა „ნიუჰოსპიტალსის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – ვისი პასუხისმგებლობაა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია.

მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მოზარდის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.

ამ ეტაპზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ერთი მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ხოლო მეორე არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო გადაყვანეს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.