ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა

356

ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ დედაქალაქის მერმა გუშინ, 12 ოქტომბერს ისაუბრა. კახა კალაძე ვაკის პარკში თავადაც იმყოფებოდა. დასრულებულ სამუშაოებს ის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ოს არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.