ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მეორე ბავშვს კი, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ

388

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, მას ხელოვნური სედაცია უტარდება და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე – ე.წ. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას, კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანება არ აქვს და სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაიწერება.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.